
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის „ლეოპარდ-2“-ის ტიპის გერმანული ტანკების გაგზავნას მხარს უჭერს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აქამდე ცნობილი იყო გერმანიის პოზიცია - გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებების თანახმად, ბერლინი ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა და აუცილებელი იყო ალიანსის კონსოლიდირებული პოზიცია.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა, 9 დეკემბერს, ბერლინში განაცხადა, აშშ-ს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. შერმანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც - “თითქოს უკრაინისთვის გერმანული ტანკების და საზენიტო კომპლექსების, Patriot-ის მიწოდებას ვაშინგტონი ეწინააღმდეგება”. ამ შეიარაღების მიღებას კი “კიევი დაჟინებით ითხოვს", იუწყება სააგენტო DPA.
„გერმანიამ რა უნდა გააკეთოს, ეს თავად გერმანიამ გადაწყვიტოს“ - განაცხადა შერმანმა და დაამატა, რომ, მისი აზრით, ბერლინი „მისაღებ და გერმანიისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.
ცნობისთვის, ამ დრომდე ნატო-ს ქვეყნები უკრაინას მხოლოდ საბჭოთა წარმოების მოდერნიზებულ ტანკებს აწვდიდნენ.
0
0