05/06/2023
16:47
მსოფლიო
„აშშ-სთან ომი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი კატასტროფა იქნება,“ - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების ყოველწლიურ სამიტზე. მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა“ აზიაში შეიარაღების რბოლას აძლიერებს.
„მსოფლიო საკმარისად დიდია როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-სთვის, ამიტომ ორმა ზესახელმწიფომ საერთო ენა უნდა იპოვოს,“ - აღნიშნა ლი შანგფუმ.
მანამდე კი, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი გააკრიტიკა, რადგან მისი მტკიცებით, ჩინურმა სამხედრო ხომალდმა ტაივანის სრუტეში „სახიფათო“ მანევრი განახორციელა. აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩინური სამხედრო ხომალდი ამერიკულ ხომალდს თითქმის შეეჯახა. იქვე კანადური გემიც მიცურავდა. ჩინეთმა ორივე ქვეყანა „რისკის განზრახ პროვოცირებაში“ დაადანაშაულა. აშშ-მა და კანადამ განაცხადეს, რომ მათი ხომალდები საერთაშორისო სამართლით ნებადართულ ზონაში ცურავდნენ.
სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ აშშ-ის „ცივი ომის მენტალიტეტი“ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს „უსაფრთხოების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის“. მისი თქმით, ჩინეთი არ დაუშვებს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო პატრულირება „ნავიგაციის ჰეგემონიის საბაბი გახდეს“.
ტაივანის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას, ლი შანგფუმ აღნიშნა, რომ რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნები დაძაბულობას ზრდიან.
2018 წელს, აშშ-ის მიერ ლი შანგფუს მიმართ დაწესებული სანქციების [რომლებიც შანგფუს მიერ რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვას ეხებოდა] გამო, პეკინმა, პროტესტის ნიშნად, არ მიიღო აშშ-ის მოთხოვნა პირდაპირი სამხედრო მოლაპარაკებების შესახებ.
„ჩინეთის თავდაცვის მინისტრის „ზომიერი“ ტონი მიანიშნებს, რომ ამერიკელ კოლეგასთან [ლოიდ ოსტინთან] მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ ვაშინგტონმა მის [ლი შანგფუს] წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს. თუ სანქცია არსებობს, როგორ ვისაუბროთ?!“ - აღნიშნა ჟოუ ბომ, სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) ყოფილმა ოფიცერმა.
როგორც BBC-ი წერს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში რამდენიმე საკითხის გამო დაიძაბა, მათ შორისაა ჩინეთის პრეტენზია ტაივანთან დაკავშირებით და ტერიტორიული დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) გენერალ-ლეიტენანტმა ჯინ ჯიანფენგმა თქვა, რომ რეგიონის შიდა საკითხებში აშშ-ის ჩარევის ფონზე, ტაივანთან დაკავშირებით კომპრომისის ადგილი არ არსებობს.
„ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ რეგიონში ჯარების როტაციული განლაგების გაზრდასთან დაკავშირებით შეიძლება მხარეებს შორის დაპირისპირების რისკი გაამწვავოს,“ - განუცხადა ჯინ ჯიანფენგმა ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამიტზე.
0
0