
დიზელის ფასი აშშ-ში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და პირველად ისტორიაში გალონზე (3.8 ლიტრი) საშუალოდ 5,85 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ „ბიბისი“ ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის ინფორმაციით, აშშ-ში ერთი გალონი დიზელის საშუალო ფასმა 5,85 დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მისი საშუალო ფასი 3,71 დოლარი იყო.
აშშ-ში დიზელს ძირითადად კომერციული სატრანსპორტო საშუალებები იყენებენ, მათ შორის სატვირთო მანქანები, მატარებლები, ნავები, ავტობუსები, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკა.
„ბიბისი“ წერს, რომ ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც საბითუმო ნავთობის ფასების ზრდას ასახავს.
მედიაში აღნიშნავენ, რომ საწვავის მზარდი ფასების საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლახან პირობა დადო, რომ ვენესუელასთან ნავთობის შეთანხმების მეშვეობით „ყველა ამერიკელისთვის ბენზინის ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“.
0
0