
აშშ-ში აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, მათ შორის დონალდ ტრამპის მოკავშირეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბორტის გაკეთების აკრძალვის შესახებ სტრატეგია შეიმუშავეს. ეს არის გეგმა, რომლის განხორციელებაც დამოკიდებულია ნოემბერში ტრამპის ხელახლა არჩევაზე და ის მე-19 საუკუნის ნაკლებად ცნობილი კანონის ამოქმედებას შეეხება.
აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აბორტის საწინააღმდეგო ჯგუფის Susan B Anthony Pro-Life America-ს ხელმძღვანელმა მარჯორი დენენფელსერმა, ასევე სხვა კონსერვატორმა ლიდერებმა შეიმუშავეს სამართლებრივი არგუმენტები და პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც აბორტის აკრძალვის შესახებ ქომსტოკის კანონის ინტერპრეტაციაა. ექსპერტების თქმით, გეგმა შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება.
„შეიძლება ქვეყნის მასშტაბით აბროტის დე ფაქტო აკრძალვა მოხდეს. ამ კანონის აღსრულება ტრამპს პირველივე დღეს შეუძლია, თუ ის გაიმარჯვებს. ეს ქომსტოკის კანონია. საავადმყოფოებსა და კლინიკებში პროცედურებისთვის აუცილებელი ნებისმიერი წამლისა თუ ხელსაწყოს მოხვედრის თავიდან აცილებით, ქომსტოკის კანონი იმოქმედებს, როგორც ეფექტური ბლოკი აბორტებზე, შესაბამისად, კონგრესის მიერ ახალი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობა ანულირდება. ეს არ არის დამოკიდებული კონგრესის მოქმედებაზე ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეს იცავს,” - თქვა კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტმა მერი ზიგლერმა.
1873 წელს მიღებულმა ქომსტოკის კანონმა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის ანტი-ვიცე აქტივისტი ენტონი ქომსტოკი, ფედერალურ დანაშაულად აქცია კლინიკაში ნებისმიერი მასალის გაგზავნა ან მიღება, რომელიც განიხილებოდა, როგორც უცენზურობა, უხამსობა და გარყვნილება. წესდებაში კონკრეტულად არის ხაზგასმული შობადობის კონტროლი და აბორტი, აკრძალულია ნებისმიერი მასალის გამოყენება, რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია "ჩასახვის თავიდან აცილებისთვის ან მისი აბორტის ჩატარების მიზნით შეძენისთვის". მომდევნო საუკუნის განმავლობაში, სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებით, კანონის მოქმედების ფარგლები შეიზღუდა. 1971 წელს, კონგრესმა კონტრაცეპტივებზე ქომსტოკის შეზღუდვების უმეტესი ნაწილი გააუქმა და, ორი წლის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება დაამტკიცა. იმ დროისთვის, ქომსტოკის კანონი დიდწილად განუხორციელებელ რელიქვიად განიხილებოდა და 50 წლის განმავლობაში უმოქმედო დარჩა.
ქომსტოკის კანონი უზენაეს სასამართლოს მიმდინარე კვირაში წარედგინება, როგორც აბორტის საწინააღმდეგო აქტივისტებისა და ექიმების ჯგუფის არგუმენტების ნაწილი, რომელთა მიზანია ორსულობის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიფეპრისტონის ფედერალური დამტკიცების თავიდან აცილება.
„აბორტის აკრძალვის შესახებ პროექტი 2025“ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა როჯერ სევერინომ შეიმუშავა.
0
0