-share.jpg)
აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ პლეინფილდში, 71 წლის მამაკაცს ჯოზეფ ჩუბას მკვლელობისა და დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამო ბრალი წარუდგინეს მას შემდეგ, რაც მან ორი ადამიანი დანით დაჭრა, რადგან ისინი მუსლიმები იყვნენ. დედა-შვილი - 6 წლის ბიჭი და 32 წლის ქალია.
როგორც უილის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, დედა-შვილი ეჭვმიტანილის სამიზნე „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო გახდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწუხარება გამოთქვა დედა-შვილზე თავდასხმის გამო, რომლებიც პალესტინელ-ამერიკელები იყვნენ.
„სიძულვილის ეს შემზარავი გამოვლინება ამერიკისთვის შეუფერებელია და ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს: იმ შიშისგან თავისუფლებას, თუ როგორ ვლოცულობთ, რისი გვწამს და ვინ ვართ. როგორც ამერიკელები, უნდა გავერთიანდეთ და უარვყოთ ისლამოფობია და ყველა სახის ფანატიზმი და სიძულვილი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ჯოზეფ ჩუბა დაკავებულია და მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამო წარუდგინეს.
უილის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ოფისმა სასწრაფო ზარი მიიღო ქალისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას თავს დაესხა პლეინფილდში [ჩიკაგოს მახლობლად] მცხოვრები ლენდლორდი. ქალმა თქვა, რომ "ის აბაზანაში შევარდა და თავდამსხმელს ებრძოდა". როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, ქალი და მისი შვილი იპოვა, რომლებსაც "მკერდზე, ტანსა და ზედა კიდურებზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული".
ბავშვი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი დედა კი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელმა ბავშვს დაკბილული სამხედრო დანიშნულების დანით 26-ჯერ დაარტყა.
„დეტექტივებმა დაადგინეს, რომ ამ სასტიკ თავდასხმაში ორივე მსხვერპლი ეჭვმიტანილის სამიზნე იმის გამო გახდნენ, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო“, - აცხადებენ შერიფის ოფისში.
0
0