30/11/2021
13:17
მსოფლიო
ჩრდილოეთ ამერიკაში „ომიკრონის“ შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი დღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, საზღვრების ჩაკეტვის ახალ აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუკი ადამიანები აიცრებიან და ნიღბებს ატარებენ. „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა კანადაშიც; შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის რვა ქვეყანაში სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.
ბაიდენმა დასძინა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიები ახალი სამუშაოების ჩასატარებლად საგანგებო ზომებს მიიღებენ.
”ჩვენ ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ კორონავირუსის ამ ახალ ვარიანტს,” - თქვა ბაიდენმა.
გასული კვირის ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა ფრენები აკრძალა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ნამიბიადან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან. კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა ასევე შეზღუდეს სამხრეთ აფრიკიდან მიმოსვლა.
ბაიდენმა თქვა, რომ სამოგზაურო შეზღუდვების შედეგად, შეერთებული შტატები, გარკვეული დროის განმავლობაში, ახალ ვარიანტს შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „ომიკრონი“ „შემაშფოთებელ ვარიანტად" მიიჩნია, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, არის თუ არა ის უფრო გადამდები ან ვაქცინების მიმართ მდგრადი.
კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბაიდენმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ისტერიულ ქსენოფობიაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მან, 2020 წლის იანვარში, აშშ-ში კოროვირუსის გავრცელების გამო, ჩინეთიდან მგზავრობა შეზღუდა.
ფლორიდის შტატში, რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა კი, ჯო ბაიდენი საჰაერო მიმოსვლაზე ახალი შეზღუდვების დაწესების გამო გააკრიტიკა. ”ფლორიდაში, არ მივცემთ მათ „ლოკდაუნის დაწესების“ უფლებას, არ დავუშვებთ, რომ მათ მოსახლეობას სამუშაო ადგილები წაართვან, ზიანი მიაყენონ ბიზნესს, არც სკოლებს დავხურავთ,“ - თქვა დესანტისმა.
0
0