18/03/2023
13:36
ეკონომიკა
2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 2 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკავა. მთლიან FDI-ში ამერიკული ინვესტიციების ხვედრითი წილი 8.1% იყო, რაც 163 მილიონ 888 ათას დოლარს შეადგენდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი გასული 5 წლის პერიოდში ყველაზე მაღალია და 2021 წელს ამერიკიდან შემოსულ ინვესტიციას წლიურად 899%-ით აღემატება.
BM.GE-მ საქსტატიდან ის სექტორები და კომპანიები გამოითხოვა, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოგზავნილი ინფომრაციის მიხედვით, ამერიკიდან გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 101 მილიონ დოლარზე მეტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში შემოვიდა, მეორე დარგი, რომელშიც ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობაა- 28.5 მლნ დოლარი, მესამე კი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 8.1 მლნ დოლარი. აშშ-დან ინვესტიცია ასევე ჩაიდო განათლების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობებში.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:
1. შპს მაგთიკომი
2. სს დარიალი ენერჯი
3. ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
4. შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
5. შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
0
0