
პარტნიორებისგან აქამდეც მოგვისმენია განცხადებები, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიღწევებია ხაზგასმული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.
მათიკაშვილის შეფასებით, რეიტინგში დაწინაურება სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია.
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან. ჩვენ აქამდეც მოგვისმენია აშშ-ს, ჩვენი სხვა პარტნიორების მხრიდან კონკრეტული განცხადებები, ანგარიშები, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის მიმართებით საქართველოს მიღწევები არის დაფასებული და ხაზგასმული. ახლა ვხედავთ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში რამდენიმე პუნქტით დაწინაურდა. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ქვეყანა, სახელმწიფო ახორციელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიწვია რეიტინგული დაწინაურება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
0
0