რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
მანამდე რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ აშშ ემზადებოდა „თბილისის მეიდანის“ მოწყობისთვის, რათა ხელი შეეშალა ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის. ახლა საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ვაშინგტონი გეგმავს ჩაერიოს მომავალ არჩევნებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დახმარებით.
„საგარეო დაზვერვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ჩარევის ახალი ინსტრუმენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, რათა აღკვეთოს ამჟამად მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამერიკელები შეთანხმდნენ OSCE/ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან „თანამშრომლობაზე“ საქართველოს მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
მოსკოვი აცხადებს, რომ OSCE/ODIHR გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე „რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“.
„არჩევნების პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, წარდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, - აცხადებენ რუსეთის დაზვერვაში.
„ვაშინგტონის გეგმა აშკარაა და გასაკვირი აღარ არის – მისცეს საფუძველი პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მიზნით“, - დასძინა რუსეთის უწყებამ.
მათვე რუსეთის გადაწყვეტილებას ეუთოს დაფინანსების შეწყვეტის შესახებ "გამართლებული" უწოდეს და განაცხადეს, რომ ODIHR გადაიქცა "ამერიკის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერი თამაშების რუპორად".
0
0