
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის Nvidia-ს განცხადებით, შეერთებული შტატები კომპანიას მოუწოდებს, რომ ჩინეთისთვის ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი მოწინავე ჩიპის მიწოდება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
აღნიშნული შეზღუდვები 17 ოქტომბრიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაწესებულიყო - სწორედ მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ირანსა და რუსეთს, Nvidia-სა და სხვა კომპანიების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენა აეკრძალებოდა.
Nvidia-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ გადაიწია ვადებმა წინ. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, „მსოფლიოში კომპანიის პროდუქტებზე დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია არ ელოდება, რომ ლიცენზირების მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დაჩქარება მის ფინანსურ შედეგებზე ახლო მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“.
ახალი შეზღუდვებით იკრძალება Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპების ექსპორტი, რომლებიც შექმნილი იყო ჩინეთის ბაზრისთვის.
აშშ-ის მიერ შეზღუდვების დაწესების დაჩქარება ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე ტექნოლოგიურ დავაში გადადგმული უახლესი ნაბიჯია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, [ბაიდენის მიერ ინიცირებული] შეზღუდვები "არღვევს საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს".
2023 წლის ოქტომბერში, აშშ-მა განაცხადა, რომ ლიმიტირების ზომები გათვალისწინებული იყო იმისთვის, რომ ჩინეთს არ მიეღო უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც მას თავისი არმიის, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სფეროს, გასაძლიერებლად შეუძლია გამოიყენოს.
Nvidia-ს მიერ წარმოებულ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მზარდმა მოთხოვნამ მისი აქციების ფასი სამჯერ გაზარდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს მსოფლიოში.
მაისში, კალიფორნიაში მოქმედი ფირმა ტექნოლოგიური გიგანტების Apple-ის, Amazon-ის, Alphabet-ისა და Microsoft-ის ელიტარულ კლუბს შეუერთდა, რომელთა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა $1 ტრილიონზე მეტით ფასდება (£822bn).
0
0