
„აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, კიევში საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვა ობიექტების მიმართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, “დიდი ოცეულის” სამიტის პარალელურად განხორციელდა", ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე შეიკრიბნენ, რათა განიხილონ ის საკითხები, რომლებიც არსებითია მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლისა და საარსებო წყაროსთვის, “რუსეთი კიდევ ერთხელ ემუქრება მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას”.
სალივანი აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინისთვის იმ მხარდაჭერის მიწოდებას, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
როგორც ცნობილია, დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაზე ასამდე საჰაერო იერიში მიიტანა, რის გამოც კიევის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგია გაითიშა მოლდოვაშიც.
0
0