
შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაიდუმლოების გამო. დოკუმენტების თანახმად, ნატოს წევრი ქვეყანა სამივე საარჩევნო კამპანიის პერიოდში "რუსული აგრესიული ჰიბრიდული თავდასხმების" სამიზნე იყო.
24 ნოემბერს, რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პრორუსმა ულტრანაციონალისტმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, რაც ,,მთავარი სიურპრიზი“ იყო ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყანაში.
რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, ჯორჯესკუ მნიშვნელოვნად დაწინაურდა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე კოორდინირებული ანგარიშების, სარეკომენდაციო ალგორითმებისა და ფასიანი რეკლამების მეშვეობით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელშიც ხაზგასმულია "რუმინეთის საარჩევნო პროცესის რღვევის მიზნით, მავნებელ კიბერ აქტივობებში რუსეთის ჩართულობა.“
„რუმინეთი, რომელმაც მძიმე შრომით მიაღწია პროგრესს და თავს იმკდირებს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, უკან არ უნდა დაბრუნდეს უცხოელი ,,მოთამაშეების“ ჩარევით, რომლებიც ცდილობენ რუმინეთს საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლური ალიანსებისგან გადაახვევინონ. ნებისმიერი ასეთი ცვლილება მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას მოახდენს აშშ-რუმინეთის უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, ხოლო უცხოური ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ამერიკულ კომპანიებს, რომ რუმინეთში ინვესტიციები განახორციელონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც Reuters-ი წერს, 62 წლის კალინ ჯორჯესკუ ულტრამემარჯვენე, თვითმარქვია აუტსაიდერია, რომლის თქმითაც, რუმინეთი უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს. მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნამდვილი ლიდერი და პატრიოტია. ანალიტიკოსებისა და დიპლომატების აზრით, რუმინელები მონაწილეობას მიიღებენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომლითაც შესაძლოა ჯორჯესკუ პროევროპელმა ცენტრისტმა ელენა ლასკონიმ დაამარცხოს.
0
0