12/10/2022
11:20
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ნიგერიას 23 დატაცებული არტეფაქტი დაუბრუნა. სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე ნიგერიის დელეგაციას ბენინის ბრინჯაოს ფიგურები გადაეცა.
ნიგერიის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრმა ლაი მუჰამედმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან ხელოვნების "ფასდაუდებელი" ნიმუშების რეპატრიაცია.
მისი თქმით, "ეს არტეფაქტები ნიგერიელი ხალხის კულტურის განუყოფელი ნაწილია."
აღნიშნული არტეფაქტები იმ ათასობით ხელოვნების ნიმუშთაგანია, რომლებიც ცნობილია, როგორც ბენინის ბრინჯაო. ისინი ბენინის სამეფოდან (დღევანდელი ნიგერია) 1897 წელს ბრიტანელმა კოლონიალისტებმა მოიპარეს. შემდეგ კი ნივთები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მუზეუმებსა და ინსტიტუტებში განთავსდა.
ნიგერია ამ კატეგორიის არტეფაქტის მიღებას ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდანაც ელოდება. დასავლეთ აფრიკის ქვეყანა მალე დაიწყებს არტეფაქტების საერთაშორისო გამოფენებს, "რაც ხელს შეუწყობს მათი შემქმნელი ნიგერიელებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ უფრო მეტი კეთილგანწყობის მოპოვებას.“
0
0