
CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-მა შეაჩერა ყველა იმ იმიგრაციული განაცხადის დამუშავება 19 ქვეყანასთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე მოქმედებს სამოგზაურო აკრძალვა.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაეგზავნათ ბრძანება, „შეწყვიტონ ყველა საქმის საბოლოო განხილვა“ და შეაჩერონ ნატურალიზაციის ცერემონიები მოქალაქეობის მიღების ზღვარზე მყოფი მიგრანტებისთვის.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისის ბრძანებას განიხილავს, რომელიც 30-მდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობას ზღუდავს. საიმიგრაციო წესების უახლესი გამკაცრება, გასულ კვირას, ვაშინგტონში მომხდარ სროლას მოჰყვა, რომლის დროსაც, ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - კრიტიკულ მდგომარეობაშია. სროლაში ეჭვმიტანილი ავღანეთის მოქალაქეა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა გამოაქვეყნა ინსტრუქცია, რომლის თანახმად, ასევე შეჩერდა თავშესაფრის მინიჭების შესახებ ყველა გადაწყვეტილება, რაც გავლენას ახდენს თავშესაფრის მაძიებლებზე, მწვანე ბარათის მფლობელებსა და მოქალაქეობის განმცხადებლებზე.
„ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეობის მიმღები პირები საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ. მოქალაქეობა პრივილეგიაა და არა უფლება“, - თქვა იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა, მეთიუ ტრაგესერმა.
4 ივნისს, თეთრმა სახლმა გამოავლინა 19 ქვეყანა - ძირითადად აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კარიბის ზღვის აუზში - რომლებიც სრული ან ნაწილობრივი იმიგრაციული შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდებიან, კერძოდ, ვენესუელიდან, ირანიდან და ავღანეთიდან ჩასული მიგრანტები.
0
0