24/02/2023
13:15
მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინის ომის დასრულებისთვის ჩინეთის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ომი უკრაინაში ხვალაც შეიძლება, დასრულდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეს არ სურს.
„ჩემი პირველი რეაქცია ამაზე არის ის, რომ მათ შეუძლიათ შეჩერდნენ გეგმის პირველივე ეტაპზე, რაც არის ყველა ერის სუვერენიტეტის პატივისცემა. ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთია საჭირო - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა და თავისი ჯარები გაიყვანოს. უკრაინამ არ შეუტია რუსეთს, ნატომ არ შეუტია რუსეთს, აშშ-მა არ შეუტია რუსეთს. ეს იყო ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო“, - განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულებისთვის „სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა. დოკუმენტში სიტყვა ომის ნაცვლად, „კრიზისია“ ნახსენები.
„სამშვიდობო გეგმა“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და იგი 12 პუნქტისგან შედგება.
0
0