
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს პრეზიდენტის განკარგულებების შეჩერების უფლებამოსილება შეეზღუდებათ. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს ვერდიქტს „დიდებული გამარჯვება“ უწოდა. მისი თქმით, ეს არის „მონუმენტური გამარჯვება აშშ-ის კონსტიტუციისთვის, ძალაუფლების განაწილების პრინციპისა და კანონის უზენაესობისთვის“.
ტრამპის განცხადებით, ბოლო თვეებში „რადიკალმა მემარჯვენე მოსამართლეებმა“ სცადეს მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაფარვა და რომ მოსამართლეთა ქცევა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა დემოკრატიისთვის“. მისივე თქმით, ბევრი საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში რჩებოდა.
უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმე უკავშირდებოდა დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში მყოფი უცხოელების შვილებს ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების უფლებას ართმევს. ეს უფლება გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციის 14-ე შესწორებით და ამგვარად იყო განმარტებული – ნებისმიერ ბავშვს, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადა, ამერიკის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ეს უფლება არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ ან დროებით საფუძველზე იმყოფებიან, როგორც ტურისტები ან სტუდენტები.
ტრამპის განკარგულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილის ბავშვებს მოქალაქეობის უფლებას ართმევს, არაერთ ფედერალურ სასამართლოში გასაჩივრდა. მოსამართლეებმა პრეზიდენტის განკარგულების აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მოქმედება შეაჩერეს. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ საკითხის განხილვა უზენაეს სასამართლოს სთხოვა. შედეგად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვედა ინსტანციების მოსამართლეებს პრეზიდენტის ამ განკარგულების მოქმედების შეჩერება არ შეუძლიათ. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება პრეცედენტული გახდება და ტრამპის სხვა განკარგულებებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უზენაეს სასამართლოში ცხრა მოსამართლიდან ექვსი კონსერვატორია. დემოკრატების მიერ დანიშნულმა სამმა მოსამართლემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
0
0