
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ „პროექტ თავისუფლების“ ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება.
CENTCOM-ი აღნიშნავს, რომ ის შეასრულებს მისიას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, რათა დაეხმაროს სავაჭრო გემებს, რომლებიც ცდილობენ, ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად გადაადგილდნენ.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს დაიწყებენ „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას, რათა აღდგეს კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული მისია დაეხმარება სავაჭრო გემებს, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად გადაადგილდნენ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო კორიდორში. სრუტეში მსოფლიო ნავთობის მეოთხედი და საწვავისა და სასუქების მნიშვნელოვანი მოცულობა ტრანსპორტირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „პროექტი თავისუფლება“, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები „ნეიტრალური ქვეყნების“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაში დაეხმარება. თეირანში კი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ნებისმიერ მცდელობას, ჩაერიოს ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებაში, ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აღიქვამს.
0
0