
ევროკომისიის ხელმძღვანელობა ზეწოლას ახდენდა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მათ ცენზურა დაეწესებინათ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კონტენტზე, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისია ჩაერია აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში პლატფორმებთან კომუნიკაციის გზით იმ კონტენტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა“.
„ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ სცადა, ჩარეულიყო აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ზეწოლას ახდენდა პლატფორმებზე აშშ-ში არჩევნების დღის წინ ამერიკული კონტენტის მოდერაციის მიდგომებთან დაკავშირებით. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იოუროვამ 2024 წლის მაისში „ტიკტოკთან“ შეხვედრისას მიანიშნა, რომ პლატფორმებმა, „ციფრული მომსახურების აქტის“ (DSA) შესაბამისად, აშშ-ში გამოხატვა უნდა დააცენზურონ. კომისარმა ტიერი ბრეტონმა 2024 წლის აგვისტოში ილონ მასკისადმი მიწერილ წერილში ღიად განაცხადა ის, რასაც სხვები მანამდე მალავდნენ“, – აღნიშნულია იურიდიული კომიტეტის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მაისში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იოუროვა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ეწვია და კალიფორნიაში ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „ტიკტოკის“ აღმასრულებელ დირექტორთან, შოუ ჩეუსა და ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, ადამ პრესერთან შეხვედრამდე იოუროვას წარმომადგენლებმა „ტიკტოკს“ შეატყობინეს, რომ ის „დაინტერესებული იყო“ მათთან „აშშ-ის არჩევნებისთვის მზადების“ საკითხის განხილვით.
„რა თქმა უნდა, აშშ-ის არჩევნების წინ სოციალური მედიის კომპანიების მიერ ამერიკული კონტენტის მოდერაცია ევროკომისიის საქმე არ არის. ევროკომისიის გამოცდილება კი იმაზე მიუთითებს, თუ რა იყო მათი მიზანი: მათ სურდათ დამატებითი ცენზურა აშშ-ში განთავსებული კონტენტისთვის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ევროკომისია ზეწოლას ახდენდა პლატფორმებზე, რათა ცენზურა დაწესებულიყო ამერიკულ კონტენტზე, რომელიც „კოვიდ 19“-სა და აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა.
„ევროკომისია რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდა ამერიკული კონტენტის ცენზურას სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლის გზით, რათა მათ შეეცვალათ თავიანთი კონტენტის მოდერაციის გლობალური პოლიტიკა. თუმცა ეს ამით არ შემოიფარგლებოდა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში ევროკომისიის ხელმძღვანელობა პირდაპირ ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე, რათა მათ ცენზურა დაეწესებინათ კონკრეტული ამერიკული კონტენტისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა „კოვიდ-19“ და აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არის უცხოური აქტორის მხრიდან ამერიკული გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ დისკურსში უპრეცედენტო ჩარევა, რაც სრულიად მიუღებელია. ფაქტები ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: ევროკომისია ცდილობს, გვერდი აუაროს პირველ შესწორებას და ცენზურა დააწესოს იმ ამერიკულ სიტყვაზე, რომელიც არ შეესაბამება მისთვის სასურველ ნარატივებს“, – ნათქვამია იურიდიული კომიტეტის ანგარიშში.
0
0