
დიდი ალბათობით „მეგობარი აქტი“ ზაფხულში დაჩქარებული წესით არ იქნება განხილული, ერთი თვით გადაიწევს ივანიშვილის და მისი რეჟიმის სანქცირების განხილვის საკითხი აშშ-ის სენატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის განხილვა ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპოზიცია მაქსიმალურად იმუშავებს, რომ კალენდარულად ბევრად უფრო ადრე ანუ სექტემბერშივე მოხდეს ამ აქტის განხილვა
„გუშინაც, როცა ამის შესახებ ბატონი რაუფოღლუს მხრიდან გახდა ცნობილი გადავამოწმე და ამას ჰქვია „ჰოთლაინის წესი“ ამერიკის სენატში, რაც დაჩქარებული წესით განხილვას გულისხმობს, ფაქტობრივად, ეს სამი სენატორი თითქმის ყველა აქტს, რომელიც დაჩქარებული წესით არის მოთხოვნილი რომ იყოს განხილული, ადებს ვეტო-ს და მათ განხილვას ითხოვს სექტემბერში, რადგან თავიანთი მოთხოვნები აქვთ, სხვა აქტის განხილვა უნდათ სწრაფად და ა.შ . ნოტარიუსთა პალატა არ არის სენატი და კონგრესი რომ ერთი პარტია იჯდეს და რასაც ბატონი უბრძანებს იმას განიხილავდნენ. რაც შეეხება აქტის შინაარს, ფაქტობრივად არ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, უბრალოდ დაჩქარებულ წესთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიიდან გამომდინარე, პატივი უნდა ვცეთ ამას. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ზაფხულში დაჩქარებული წესით არ იქნება განხილული, ერთი თვით გადაიწევს ივანიშვილის და მისი რეჟიმის სანქცირების განხილვის საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ანუ უნდა მომხდარიყო ივლისის ბოლოს, მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რომ კალენდარულად ბევრად უფრო ადრე ანუ სექტემბერშივე მოხდეს ამ აქტის განხილვა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება განხილვის გადავადება ურთიერთობების გადატვირთვას, ლევან სანიკიძემ უპასუხა, რომ „ამას გამოვრიცხავთ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად“.
„ამ ადამიანებთან კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე და მხრიდან იყო, არავითარი კავშირი ამას „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან არ აქვს. ეს არის ამერიკის შიდა პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ როდესაც ევროკავშირში მიმდინარეობს პირდაპირ საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, როდესაც დღე-დღეზე ბრიტანული სანქციები უნდა დაუწესდეს „ქართულ ოცნებას“ რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად არის მომაკვდინებელი ხასიათის მატარებელი, შეუძლებელია, ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პარტნიორებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მით უმეტეს როდესაც ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი, ე.წ. პრემიერი, რომელიც ირანის მეჯლისზე ესწრებოდა სხდომას, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. გადასარევად არიან ინფორმირებული. „ქართულ ოცნებას“ არავითარი შანსი, თუ არსებობს ასეთის შანსი, არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს.
0
0