13/04/2022
11:01
მსოფლიო
საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ არაეფექტური გამოძიებები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
საქართველოზე მომზადებული ანგარიში 85 გვერდისგან შედგება და მასში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.
ანგარიშში აღნიშნულია იზოლირებული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ზოგიერთი ინციდენტი, რაც მოხსენიებულია, როგორც „ფსიქოლოგიური ძალადობა“, ასევე ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები (მათი შიმშილობის, ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივრის შეტანის ან სახალხო დამცველის აპარატში დარეკვის გამო).
სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დამცველს ციტირებს. მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამთავრობო დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის 194 ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 365 საქმეზე დაიწყო, აქედან 49 ეხებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. ზემოაღნიშნული 49 შემთხვევიდან გენერალურმა პროკურატურამ, კანონის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის 3 საქმეზე გამოძიება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო შეწყვიტა.
1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და სხვადასხვა ბრალდებებით დაუსწრებლად დააკავეს. დაუსწრებლად გამოტანილი მსჯავრი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას - პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრძანების გაცემას.
11 ნოემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თხოვნით მიმართა, დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც გულისხმობდა რუსთავის N12 საპყრობილიდან გლდანის N18 საავადმყოფოში მის იძულებით გადაყვანას ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეზღუდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის (სააკაშვილის) დასწრება სასამართლო პროცესზე - დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ, სააკაშვილს სასამართლოში მისვლის უფლება სამჯერ არ მიეცა“.
2020 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები სახალხო დამცველს მიკერძოებულად აკრიტიკებდნენ და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის თაობაზე განცხადებების გაკეთების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. 23 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დაგმო ოპოზიციური პარტიის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მელიას მიმართ მიღებული (17 თებერვალს) გადაწყვეტილება გირაოს გადახდაზე და შემდგომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული (2019 წელს, მელიას ბრალი დასდეს უკანონო საპროტესტო აქციის დაგეგმვაში, მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა და მისი გადაუხდელობის გამო დააკავეს. ასევე 2020 წლის ნოემბერში, ნიკა მელიას მიერ სიტყვით გამოსვლისას, აპროტესტებდა რა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნის ფაქტი პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად განიხილა). სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება და მელიას დაკავება „არ იყო დასაბუთებული და აუცილებელი“. 11-კვირიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან 10 მაისს გაათავისუფლეს; ევროკავშირთან ასოცირებულმა ორგანიზაციამ ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში, მმართველი და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მელიასთვის შეფარდებული გირაო შეიტანეს.
27 აპრილს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი/ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა რურუა და მელია პოლიტპატიმარად მიიჩნიეს. ისინი ასევე პოლიტპატიმრად თვლიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
მთავრობამ ნება დართო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოინახულებინათ ის პირები, რომლებიც თვლიდნენ, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ; რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მათ ეწვია კიდეც.
30 სექტემბერს, მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სააკაშვილის ადმინისტრაციის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია Formula TV-ის მფლობელი იყო. სარჩელში მოთხოვნილი იყო 5 მილიონ ევროზე მეტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ზარალის ანაზღაურება, რომელიც სავარაუდოდ კეზერაშვილმა სამინისტროს მიაყენა მისი მინისტრად ყოფნის პერიოდში. პირველი სასამართლო სხდომა 2022 წლის 27 იანვარს დაინიშნა. ოპოზიციამ ეს საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
0
0