
აშშ-ის სატელიტურმა კომპანიამ, „მაქსარმა“, სავარაუდოდ, შეზღუდა უკრაინის წვდომა გამოსახულებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უკრაინულ სამხედრო გამოცემაზე, „მილიტარნიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა „მაქსარის“ ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული მოთხოვნით“ ახსნა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, „მაქსარის“ მხრიდან შეზღუდვა შეიძლება იყოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შედეგი, რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიწოდება.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ეს აკრძალვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ აშშ-ის კომპანიებსა და კომერციულ მომსახურებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სატელიტურ მონაცემებს უკრაინისთვის.
„მაქსარი“ არის კომერციული სატელიტური გამოსახულების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი უკრაინელი მომხმარებლებისთვის, რომელიც გამოიყენება რუსული ჯარების გადაადგილებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესაფასებლად.
0
0