
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გეგმა შეიმუშავა დასავლეთ ევროპაში აშშ-ის რამდენიმე საკონსულოს დახურვისა და დიპლომატიური მისიებიდან უცხოელი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. კერძოდ, საკონსულოები დაიხურება გერმანიაში (ლაიფციგი, ჰამბურგი, დიუსელდორფი) საფრანგეთსა (ბორდო, სტრასბურგი) და იტალიაში (ფლორენცია).
,,ასეთმა ქმედებებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს აშშ-ის ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებასა და სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებაში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩინეთმა შეერთებულ შტატებს აჯობა მსოფლიოში დიპლომატიური მისიების დამყარებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე განიხილავს ვაშინგტონში ექსპერტთა რამდენიმე ბიუროს გაერთიანების შესაძლებლობას,’’ - განუცხადა Reuters-ს სამმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს საზღვარგარეთ 270-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს, პერსონალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 70 ათასი ადამიანია. 45 ათასი მათგანი უშუალოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია, 13 ათასი - დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელია, ხოლო 11 ათასი - საჯარო მოხელეა.
მანამდე კი, წყაროებსა და კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, Politico იუწყებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის რადიკალურ რეფორმირებას გეგმავს, რასაც დიპლომატიური კორპუსის, საელჩოებისა და დეპარტამენტის უფლებამოსილების შემცირება მოჰყვება. გამოცემის ცნობით, განახლებული სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებების გაფორმებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და აშშ-ში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
0
0