
დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომლის ხელმოწერაც ახალ ქაღალდის ვალუტაზე განთავსდება. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრადიციულად, აშშ-ის ქაღალდის ვალუტაზე გამოსახულია ფინანსთა მინისტრისა და ხაზინის ხელმძღვანელის ხელმოწერები და არა პრეზიდენტის.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტრამპის ხელმოწერის ყველა ახალ ქაღალდის ვალუტაზე განთავსების გეგმა ქვეყნის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად არის შემუშავებული. ამასთან, კუპიურებზე ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის ხელმოწერაც გამოჩნდება.
„არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გზა ჩვენი დიდი ქვეყნის ისტორიული მიღწევების პატივსაცემად, ვიდრე ტრამპის სახელით გამოშვებული აშშ დოლარის ბანკნოტები“, – განაცხადა ბესენტმა.
AP-ის ინფორმაციით, ეს გეგმები ემთხვევა აშშ-ის ხელისუფლების მცდელობებს, ტრამპის გამოსახულება მონეტაზე განათავსონ, რამაც ასევე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ფედერალური კანონი კრძალავს აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი პრეზიდენტის გამოსახვას.
0
0