
ამერიკის საელჩოს განცხადება არის დასტური, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა, თეთრი სახლის პროტოკოლური მილოცვა თეთრი სახლის განცხადებად გაასაღოს, სრულიად ფუჭია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული განცხადება აშშ-ის საელჩოს არ გაუზიარებია, განსხვავებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებისგან, რომელიც ნამდვილად პილიტიკურ გზავნილებს შეიცავდა.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომლებსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო, ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი აშშ და, რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
ამასთან, დღეს, 28 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა“.
0
0