
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან მომავალ საფრთხეს გაანეიტრალებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ პარტნიორების კოალიციას აშენებს, რათა ეს ფარსი დაასრულოს.
„სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ სისტემატურად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორების კოალიციას მსოფლიოს მასშტაბით, რათა დავასრულოთ ეს ფარსი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების საელჩომ გააზიარა მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს ახალი გლობალური კანონმდებლობის „უპასუხისმგებლო არბიტრი“ გახდეს, რასაც აშშ აუცილებლად უპასუხებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის უპასუხისმგებლო არბიტრი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, სურვილისამებრ გაასამართლოს და დააკავოს ჩვენი მოქალაქეები და ეგზისტენციალურად დაემუქროს ამერიკის სუვერენიტეტს. ჩვენ ვასწავლით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკული მტკიცე გადაწყვეტილების სრულ მნიშვნელობას“, – განაცხადა რუბიომ.
0
0