07/12/2023
11:37
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატებმა, ნიკი ჰეილმა, რონ დესანტისმა და ვივეკ რამასვამმა ალაბამას შტატში გამართულ ორსაათიან ფინალურ დებატებში, დონალდ ტრამპის კრიტიკას მეტწილად თავი აარიდეს.
მხოლოდ ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი თანამდებობაზე ყოფნის შემდგომ ვადას პოლიტიკური კონკურენტების დევნისთვის გამოიყენებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დებატებზე არდასწრების პოლიტიკა შეინარჩუნა. ტრამპმა წინა სამ დებატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მან რესპუბლიკურ პარტიას დებატების ახალი რაუნდის გაუქმებისკენ არაერთხელ მოუწოდა, რადგან ტრამპის თქმით, მის გარდა, ორნიშნა მხარდაჭერა არცერთ სხვა კანდიდატს არ აქვს.
Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის, პოლიტიკურ კონკურენტებზე თავდასხმისთვის პრეზიდენტობის უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და პირობა დადო, რომ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ის არ იქნება დიქტატორი "გარდა პირველი დღისა".
როგორც რონ დესანტისმა განაცხადა, რესპუბლიკელი ლიდერი ,,პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევისთვის ძალიან მოხუცია“ და ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი "ლიდერების მომავალ თაობას" დაუჭირონ.
ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ აღნიშნა, რომ „ამ ბრძოლაში დონალდ ტრამპზე უფრო დიდი პრობლემა არ არსებობს.“
,,ეს არის გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი, რომელსაც ახლა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება სურს, რათა შური იძიოს ყველაზე, ვინც მას არ ეთანხმება,” - თქვა კრისტიმ.
0
0