
აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. სოციალურ მედიაკომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მცდელობებზე უმოქმედობა, როდესაც ისინი თავიანთი შვილების ანგარიშების წაშლას ცდილობენ.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომპანიის პრაქტიკა ბავშვთა პირადი ცხოვრების "მასშტაბურ" ხელყოფას წარმოადგენს. მათი თქმით, ეს იმ კანონების იგნორირებით ხდება, რომლებიც ონლაინ კომპანიებისგან 13 წლამდე ასაკის პირთა ინფორმაციის შეგროვებაზე მშობლების თანხმობას მოითხოვს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ TikTok და მისი მშობელი კომპანია ByteDance "განმეორებითი დარღვევებით" ხასიათდებიან და 2019 წლის მსგავს საქმეზე მიუთითეს.
TikTok-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვისკენ მიმართული თავისი ძალისხმევით "ამაყობს".
კომპანიამ განაცხადა, რომ, პროაქტიულად შლის არასრულწლოვანი მომხმარებლების ანგარიშებს და ნებაყოფლობით დანერგა უსაფრთხოების მექანიზმები, როგორიცაა ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვები და არასრულწლოვნებისთვის კონფიდენციალურობის დამატებითი დაცვის მექანიზმი.
საჩივარი TikTok-სა და ჩინურ მშობელ კომპანია ByteDance-ზე არსებულ ზეწოლას ზრდის. ისინი უკვე ებრძვიან აშშ-ის კანონს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში კომპანიის აკრძალვა განაპირობოს.
TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა, რომელსაც, მათივე ცნობით, გლობალურად 1 მილიარდზე მეტი, ხოლო აშშ-ში - 170 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Pew Research-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 13-17 წლის ამერიკელი მოზარდების 60%-ზე მეტი აღნიშნულ პლატფორმას იყენებს, მათგან ნახევარზე მეტი კი - TikTok-ზე ყოველდღიურად შედის.
0
0