აშშ-ის მთავრობის 12-მა ყოფილმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პალესტინელების დახოცვაში "უდავო თანამონაწილეობაში" დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, 12 მაღალჩინოსანი ღაზას სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო გადადგა.
ერთობლივ განცხადებაში, მთავრობის 12 ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია, ისრაელის მხარდაჭერით, აშშ-ის კანონებს არღვევს. თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც Reuters-ი წერს, ღაზაში ისრაელის მოქმედებებთან და აშშ-ის მიერ მისი მოკავშირისთვის სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიტიკა გახშირდა. 12 ამერიკელი ჩინოვნიკის გადადგომა ხაზს უსვამს ისრაელისთვის მხარდაჭერის გამო მთავრობაში გაჩენილ გარკვეულ უთანხმოებას. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, განათლების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის, თეთრი სახლისა და თავდაცვის სფეროს ყოფილმა წარმომადგენლებმა.
„ამერიკიდან ისრაელში გაგზავნილმა იარაღის უწყვეტმა ნაკადმა უზრუნველყო ჩვენი უდაო თანამონაწილეობა ღაზას სექტორში ალყაში მოქცეული პალესტინელი მოსახლეობის დახოცვასა და იძულებით შიმშილში“, - ნათქვამია ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებაში.
მათ მოუწოდეს აშშ-ის მთავრობას, გამოიყენოს თავისი "აუცილებელი და ხელმისაწვდომი ბერკეტები" ომის დასასრულებლად და უზრუნველყოს ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლებისა და ისრაელში პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება. მათ ასევე მოითხოვეს, რომ აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭიროს ღაზაში „ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებელ გაფართოებას“.
0
0