
აშშ-ის ელჩს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ, თუმცა უარი განაცხადა, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„მინდა, დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.
შეიძლება, მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდისა და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა“.
საელჩოს საპასუხოდ, გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია: „პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია“.
0
0