
აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმა ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების დროს საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ძალიან ნაადრევი იქნებოდა იმის თქმა, რომ ყველაფერი დავასრულეთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. შეხვედრა ძალიან საგნობრივი იყო და სამშვიდობო წინადადებების ყველაზე პრობლემური ასპექტები დეტალურად იქნა განხილული,“ – განუცხადა წყარომ „სიენენს“.
ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების ერთ-ერთი ყველაზე „პრობლემური ასპექტი“ იყო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების ოფიციალურად უარყოფა. ეს არის ომის დასრულების შესახებ რუსეთის მთავარი მოთხოვნა და რასაც უკრაინელი ოფიციალური პირები დღემდე არ ეთანხმებიან.
როგორც „სიენენის“ წყარო აცხადებს, რომ მომლაპარაკებლებმა განიხილეს შესაძლო სცენარი, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, ფაქტობრივად, აეკრძალება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც პირდაპირ უნდა შეთანხმებულიყო ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და მოსკოვს შორის.
„უკრაინას არ მოუწევს ოფიციალურად, იურიდიული თვალსაზრისით, უარი თქვას ამ მისწრაფებაზე, მაგრამ შეერთებულ შტატებს თუ აქვს რაიმე, რაზეც რუსეთთან ორმხრივად უნდა შეთანხმდეს, ან თუ რუსეთს სურს ნატო-სგან გარკვეული გარანტიების მიღება მრავალმხრივად, მაშინ ეს არ ნიშნავს უკრაინის ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში,“ – განუცხადა წყარომ „სიენენს“.
წყარომ „სიენენთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უკიდურესად მგრძნობიარე კომპრომისზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარული იქნება, ჯერ არ არის მიღებული და საბოლოოდ მას უკრაინის პრეზიდენტი მიიღებს.
„სიენენის“ ცნობით, კიდევ ერთი პრობლემური სფეროა კრემლის მოთხოვნა, რომელიც ასევე აისახა აშშ-ის 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებაში, რომელიც უკრაინისგან აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ ჯერ დაუპყრობელი ტერიტორიის დათმობას გულისხმობს. აშშ-ის გეგმა ითვალისწინებდა რუსეთის დემილიტარიზებულ ზონად გადაქცევას იმ რეგიონის, რომელიც მოიცავს უკრაინის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მკაცრად დაცული ქალაქებისა და დაბების, „ციხესიმაგრეების სარტყელს“ და მოსკოვი გაუწევდა ადმინისტრირებას, მაგრამ სამხედრო ძალებს არ განათავსებდა.
წყარომ, რომელიც უშუალოდ იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, „სიენენს“ განუცხადა, რომ დისკუსიები ასევე მიმდინარეობს ამ საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. წყარომ უარი თქვა კონკრეტული ვარიანტების გამხელაზე, რომლებიც განიხილება და განაცხადა, რომ საკითხი „ძალიან მგრძნობიარეა“.
„ნამდვილად მჯერა, რომ ეს საჯარო თუ გახდება, შესაძლოა, პოტენციური გადაწყვეტა ჩავშალოთ“, – განუცხადა წყარომ „სიენენს“.
0
0