14/02/2023
12:40
მსოფლიო
მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რუსეთმა უარყო კიშინიოვის მტკიცება, რომ მოსკოვი მოლდოვას გაკონტროლებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი მოლდოვის მთავრობის დასამხობად უცხოელი დივერსანტების გამოყენებას აპირებს, რათა შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და კიშინიოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.
მაია სანდუს კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, უკრაინამ გამოავლინა რუსული დაზვერვის სამსახურის გეგმა "მოლდოვის განადგურების“ შესახებ.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ "ასეთი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია".
თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი, "რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებს არ გამორიცხავს". მიუხედავად იმისა, რომ რუსული დაზვერვის სამსახურის გეგმის შესახებ ჭორები დამოუკიდებლად ვერ გადამოწმდა, ჯონ კირბიმ მაიც თქვა, რომ ეს ფაქტი "ღრმად შემაშფოთებელია".
0
0