28/05/2023
15:43
პოლიტიკა
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება, – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნა.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება“.
„ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია, გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხის ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.
0
0