
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სამხრეთ ჩინეთის სადაო საზღვაო ზონაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ფილიპინებს დაიცავს.
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ შეასრულებს ფილიპინების მიმართ აღებულ თავდაცვით ვალდებულებას.
"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ფილიპინების მიმართ შეერთებული შტატების მიერ თავდაცვის სფეროში აღებული ვალდებულება ურყევია. ფილიპინების თვითმფრინავზე, გემებზე ან შეიარაღებულ ძალებზე ნებისმიერი თავდასხმისას ფილიპინებთან დადებული ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად ვიმოქმედებთ. სადავო წყლებში გემებს შორის შეჯახება მოწმობს, რომ ჩინეთის გემები საშიშად და უკანონოდ მოქმედებენ," - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნული კომენტარი ფილიპინურ და ჩინურ გემებს შორის სადავო წყლებში ორჯერ შეჯახებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა. როგორც ცნობილია, 1951 წელს ხელმოწერილი ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება აშშ-სა და მის ყოფილ კოლონიას, ფილიპინებს, ავალდებულებს, შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.
0
0