აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ვაშინგტონის მთავარ მოკავშირეს, ფილიპინებს, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, აშშ-ისგან მხარდაჭერა აღუთქვა. მანილაში ვიზიტის დროს, ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფილიპინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თავდაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ამერიკა "მტკიცედ" შეასრულებს.
ბოლო თვეებში, მანილასა და პეკინს შორის დაპირისპირება გამწვავდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ტერიტორიული პრეტენზიების გამო.
„ეს ფარვატერი გადამწყვეტია ფილიპინებისა და მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის ისევე, როგორც მთლიანად რეგიონის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ინტერესებისთვის. ამიტომ ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს მტკიცედ ვასრულებთ“, - დასძინა ბლინკენმა ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრთან ენრიკე მანალოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
თავის მხრივ, ენრიკე მანალომ აღნიშნა, რომ მანილა და ვაშინგტონი მზად არიან, გააძლიერონ თავიანთი ალიანსი.
”ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა,” - თქვა მანალომ.
როგორც BBC-ი წერს, ბლინკენის ვიზიტი, ასევე ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერებას ფილიპინების პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოს უმცროსის მიმართ, რომელიც ვაშინგტონისკენ იყო გადახრილი წინამორბედ როდრიგო დუტერტესგან განსხვავებით. როგორც ცნობილია, როდრიგო დუტერტესი პეკინთან კავშირებს აძლიერებდა.
თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ, იაპონია და ფილიპინები ვაშინგტონში ერთობლივ სამიტს გამართავენ, სადაც მხარეები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებებსა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ.
0
0