
გაზეთი The Financial Times-ი ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში კრემლის წარმომადგენლებს, სულ მცირე, ექვსჯერ შეხვდნენ, მოლაპარაკებებისგან შედეგები ვერ მიიღეს და ეს მათ შეშფოთებას იწვევს.
წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, უარი თქვას უკრაინის კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლზე და ის მოლაპარაკებებში მცირე პროგრესსაც კი საბაბად იყენებს იმის განცხადებისთვის, რომ სამუშაო დასრულებულია.
„ტრამპი, ხელისუფლებაში ყოფნის მეასე დღეს, მზადაა, ისარგებლოს ამ კვირაში მიღწეული ნებისმიერი დადებითი შედეგით, მაშინაც კი, თუ ეს ხელს არ შეუწყობს კონფლიქტის გრძელვადიან გადაწყვეტას. ვაშინგტონმა კრემლისთვის წინადადებების დიდი პაკეტი მოამზადა, მათ შორის სანქციების მოხსნა, ერთობლივი ბიზნესპროექტები და ყირიმის აღიარებაც კი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაქსიმალისტურ მოთხოვნებს კვლავაც იმეორებს, მათ შორის უკრაინის „დენაციფიკაციას. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება უკრაინის მიერ თავდაცვისუნარიანი არმიის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ეს პუნქტი შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0