
როგორც ცნობილია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინ განგმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებასა და ესკალაციას "უხილავი ხელი" იწვევს.
ჩინ განგმა ასევე თქვა, რომ, მსოფლიოში შექმნილ უფროდაუფრო არასტაბილურ გარემოს ფონზე, ჩინეთმა უნდა განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან.
აღნიშნულ კომენტარებზე საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "უხილავ ხელთან" დაკავშირებით იხუმრა და, სინამდვილეში, უკრაინაში მიმდინარე ომს აშშ მართავს.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი დიდ ყურადღებას აქცევს უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად შემუშავებულ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც პეკინმა გასულ თვეში გამოაქვეყნა.
"აქ ჩვენ შეიძლება ვერ დავეთანხმოთ ჩვენს ჩინელ მეგობრებს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა. თქვენ ხომ იცით რა არის ხუმრობა? ეს არ არის უხილავი ხელი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების - ვაშინგტონის - ხელია. ვაშინგტონს არ სურს ამ ომის დასრულება. ვაშინგტონს სურს და ყველაფერს აკეთებს ამ ომის გასაგრძელებლად. ეს კი ხილული ხელია,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას მის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად იყენებენ. ამ ნარატივს კიევი და დასავლეთი უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა რუსეთის მიერ მისი მიწების უკანონო მიტაცების მცდელობის წინააღმდეგ - თავის გადარჩენისთვის იბრძვის.
0
0