15/11/2022
13:08
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინტერნეტ გამოცემა „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დავით კეზერაშვილისა კურტ ვოლკერის შეხვედრას შეეხებოდა, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი სალონური ურთიერთობები დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის დავით კეზერაშვილის წარსული, რომელიც, სპიკერის შეფასებით, “დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან. იცის მისი აწმყო, ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში ფულით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც. ვხედავთ ჩვენ თვალწინ, რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით”, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს ის ფულია, რომელიც "წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არც ერთ ჯარისკაც არ მიუღია მონაწილეობა, მარტო ის ერთი ეპიზოდი, რაც ვიცით და რაც დამტკიცებულია, 5 მილიონი ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს. როცა ასეთი ადამიანი, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ ადამიანთან, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “კვირამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია „ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ“.
0
0