
ფრონტზე სიმშვიდე არ არის. მარტივი და იოლი არაფერია. ყოველი დღე და ყოველი მეტრის მიღება უკიდურესად მძიმეა. მითუმეტეს იქ, სადაც ოკუპანტები მათ წინ ყველაფერს არტილერიით ანადგურებენ და მიწაში მხოლოდ ნანგრევები და კრატერები რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სხვათა შორის, ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტისადმი მიმართვაში. რუსეთი ანადგურებს ქალაქებს დონბასში, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, ბახმუტი. ასეთ პირობებში თავდაცვა არ არის მხოლოდ გმირობა, ეს არის რაღაც მეტი და მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მეომარს, ვინც უძლებს ოკუპანტების ზეწოლას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მუშაობენ შეთანხმებებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს.
ასევე არ ვანელებთ ძალისხმევას რუსული აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისა და ყველა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის მიზნით. დღეს მე მოვუწოდე ჩვენს მეგობრებს ევროპაში და ევროპარლამენტის წევრებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა საბოლოოდ ამოქმედდეს ტრიბუნალი. ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა დამწვარი უკრაინული ქალაქისთვის, ჩვენი ხალხის ყოველი განადგურებული სიცოცხლისთვის და დაეკისრება კიდეც!“- აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0