შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს. ყაველაშვილსა და დეკანოიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში იმ დროს მოხდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
სხდომათა დარბაზიდან გაძევებულმა დეკანოიძემ ყაველაშვილს მოღალატე და რუსეთუმე უწოდა და ჰკითხა, რა სინდისით იდგა იქ. პასუხად ყაველაშვილმა დეკანოიძეს უთხრა, რომ ასე უნდა გააძევონ საერთოდ პოლიტიკიდან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და პარტია მაშინ უნდა დაეტოვებინა, როდესაც მეგიზ ქარდავა კაცებს აუპატიურებდა და გირგვლიანი მოკლეს და არა ახლა, როდესაც თავმჯდომარე ხაბეიშვილია.
„შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია. ბოდიში უნდა მოიხადო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები ღმერთმა გვიმრავლოს. ასე უნდა გაგაძევოთ საერთოდ პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყავი. ახლა კი არ უნდა დაგეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა, მეგიზ ქარდავა კაცებს რომ აუპატიურებდა, მაშინ უნდა მიმხვდარიყავი და დაგეტოვებინა. გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ უნდა დაგეტოვებინა და არა ახლა, ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე. ვერასდროს ვერ მიიღებთ თქვენ სამართლიანობას“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, გასულ წელს ხელისუფლებამ კანონი დაძაბულობის და მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გაიწვია.
0
0