14/12/2023
12:51
მსოფლიო
პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სირიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიღო. შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება.
ასადმა მიიღო არძინბას მიწვევა მომავალ წელს ეწვიოს ოკუპირებულ აფხაზეთს. მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეცოპერაციას და დაგმეს შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
მხარეებმა აღნიშნეს რუსეთის ძალისხმევა, ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემა და გააძლიეროს მრავალპოლარული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში.
პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის. მანვე აღნიშნა აფხაზეთსა და სირიას შორის განათლების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაძლიერების აუცილებლობა.
გარდა ამისა, სირიის მეთაურმა კულტურისა და სპორტის სფეროში ორმხრივი დიალოგის განვითარების პროექტების მხარდაჭერაზე ისაუბრა. განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკის განვითარების მიზნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი.
ინალ არძინბამ სირიის პრეზიდენტს გააცნო ასლან ბჟანიას ძალისხმევა ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნისა და ინვესტორებთან აქტიური მუშაობის შესახებ. აღინიშნა რუს და ბელარუს ინვესტორებთან ერთობლივი აფხაზურ-სირიული მუშაობის აქტუალობა. მხარეებმა დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არძინბამ აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (გოლანის მაღლობების დეოკუპაციის შესახებ) შესრულების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე დაგმეს კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში.
0
0