
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.
მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასომთავრულით
- ქორონიკონ 394.
მონეტის უკანა მხარეს არაბულად იკითხება - „მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".
რუსთავის სასახლეში აღმოჩენილი მონეტა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დღემდე ნაპოვნი პირველი ქართული მონეტაა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.
რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწავლა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იპოვეს. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ-ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს.
აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
0
0