
მდინარე ამაზონის წყლის დონის დაცემის შედეგად, ნაპირზე კლდეზე მოჩუქურთმებული ადამიანების სახის ნაკვთები გამოჩნდა, რომლებიც ათასზე მეტი წლის წინ წყლის ქვეშ იყო მოქცეული. არქეოლოგების განცხადებით, აღნიშნული ჩუქურთმები ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში აღმოაჩინეს.
კლდეები განლაგებულია სანაპიროს იმ მონაკვეთზე, რომელიც ცნობილია, როგორც Ponta das Lajes-ი, სადაც მდინარე რიო ნეგრო და სოლიმესი ამაზონს უერთდება.
როგორც არქეოლოგმა ჯეიმე ოლივეირამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ფიგურები კლდეზე მოჩუქურთმებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ მხარეში კოლუმბიამდელ ხანაში ცხოვრობდნენ.
”ეს რეგიონი პრეკოლონიალური ადგილია, რომელიც ოკუპირებული იყო 1000-2000 წლამდე. ეს ანთროპომორფული ფიგურებია. სხვა კლდეზე ღრმულებია, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიის მკვიდრი ხალხის მიერ ისრების გასალესად გამოიყენებოდა,“ - თქვა ჯეიმე ოლივეირამ.
ამჟამად, მდინარის წყლის დონე 12,89 მ-მდეა შემცირებული.
ბრაზილიის მთავრობა გვალვას კლიმატის ცვლილებას და ელ-ნინიოს [ფენომენი, რომელიც იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს მთელს მსოფლიოში] მოვლენას უკავშირებს, რის შედეგადაც, ჩრდილოეთ ამაზონში ნალექის მოცულობა ისტორიულ საშუალოზე დაბლა დაფიქსირდა, ხოლო მდინარის წყლის დონე რეკორდულ დონემდე დაეცა.
0
0