02/05/2024
10:50
მსოფლიო
არიზონას სენატმა მხარი დაუჭირა 1864 წელს მიღებული კანონის გაუქმებას, რომელიც აბორტის აკრძალვას ეხება. კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება ჩასახვის მომენტიდან იკრძალება, გაუპატიურების ან ინცესტის გამონაკლისის გარეშე.
სენატის დემოკრატებთან ერთად, აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი ორმა რესპუბლიკელმა შონა ბოლიკმა და ტიჯ შოპმა დაუჭირა. აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ორი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება დაგმეს და პოლიტიკურ ცინიზმად შეაფასეს.
თუ არიზონას შტატის გუბერნატორი ჰობსი აღნიშნული კანონის გაუქმებას ხელს მოაწერს, არიზონაში აბორტების პროცედურების ჩატარება 2022 წლის კანონით დარეგულირდება, რომელიც აბორტს ორსულობის 15 კვირის შემდეგ კრძალავს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირის შემთხვევები.
როგორც ცნობილია, 1973 წელს სასამართლომ საქმეზე სახელწოდებით „Roe v Wade“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ აბორტის შეუზღუდავი უფლებით ფეხმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ხოლო მე-2 და მე-3 ტრიმესტრში - კონკრეტული შეზღუდვებით. 2022 წლის 24 ივნისს კი, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ Roe v Wade გადაწყვეტილება გააუქმა და თითოეულ შტატს მისცა ინდივიდუალური თავისუფლება, შეზღუდოს ან სრულად გააუქმოს აბორტის უფლება. ამ გადაწყვეტილებამ აჟიოტაჟი გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ამომრჩევლები ფართოდ უჭერენ მხარს აბორტის ხელმისაწვდომობას.
რესპუბლიკელებიც კი, აბორტის აკრძალვით ძირითადი პოლიტიკური დილემის წინაშე დადგნენ. ზოგიერთმა წამყვანმა რესპუბლიკელმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არიზონას ყოფილმა გუბერნატორმა დაგ დუსიმ, დისტანცირება მოახდინეს კანონისგან, რადგან მათი შეფასებით, შტატის ამომრჩევლებისთვის ეს არაადეკვატური ნაბიჯი იყო.
0
0