09/07/2023
11:02
საზოგადოება
რა კავშირშია მიტროპოლიტ შიოს მოწამვლასთან ქალის გარდაცვალება, რომელიც პატრიარქის თანამოსაყდრის ოთახს ალაგებდა - კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ამ ორი შემთხვევის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, "ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა."
მიტროპოლიტი შიოს ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალების გამო, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში არ გამორიცხეს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროდადრო წამლავდნენ. მათივე ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიტროპოლიტის სისხლში არაერთი უჩვეულო ცვლილება დაფიქსირდა. პატრიარქის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.
ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რით და როდის შეიძლება მოეწამლათ პატრიარქის თანამოსაყდრე. მიტროპოლიტი შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირას დამძიმდა, ის სამებაში წირვებსაც ვეღარ აღავლენდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ის თავს კარგად გრძნობს.
0
0