04/09/2024
22:26
პოლიტიკა
ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ „დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ".
“ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელსაც ფაქტობრივად სახლში, ოჯახში შეუვარდნენ. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის „დუშკაბინით“ და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა კობახიძე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანან საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.
0
0