09/01/2023
08:06
მსოფლიო
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა.
პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.
პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია აქციების 400-ზე მეტი მონაწილე.
"ეს არის ტერორიზმი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. დარწმუნებული ვართ, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ამ სიბნელის განხორციელება", - განაცხადა ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მომხდარში ექსპრეზიდენტი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჟაირ ბოლსონარუს განცხადებები ამ ქმედებებს ახალისებს.
მოგვიანებით ბოლსონარომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უარყო და დაგმო ძალადობა ბრაზილიაში. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ საზოგადოებრივ შენობებში ნებისმიერი შეჭრა მიუღებელია.
არსებული ვითარების ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქში 31 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
0
0