21/10/2022
14:46
პოლიტიკა
ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “Слава Україні“ რა არის მებრძოლებისთვის და რა - არესტოვიჩისთვის - მისი ლოგიკა ასეთია: ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვებიან დიპლომატები, ხოლო დიპლომატებს - ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტს ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია, მიხაილო პოდოლიაკი, ოლექსი გონჩარენკო, ოლექსი დანილოვი და ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ, რომლებიც სისტემატიურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.
“უკრაინის მიერ გამოცხებული ახალი სასანქციო სია რეალურად ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომეტირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის.
რატომღაც მათ ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველო ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. გამომდინარე აქედან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.
ახლახანს უკრაინის ხელისუფლების ლიდერის ბოლო განცხადებები გავიგეთ, სადაც ტერმინებით “ნაში პაცანი“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი საქართველოში და წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია: - ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია და წესი და მერე რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული (არ ვსაუბრობ მთელს უკრაინაზე) გეგმა ეს არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ “სწორედ ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, როგორც დივერსანტი, გამოგზავნილი.
“რაკი აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ ცდილობენ საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან.
იმის ნაცვლად, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილი, ისმის მუქარა - მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ არის რუსული იმპერიალიზმიდან კალკირებული“, - დასძინა ქადაგიშვილმა.
0
0