26/04/2022
15:52
პოლიტიკა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ტრადიციულად, გვესმის ბატონი არესტოვიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც, უკვე პრაქტიკულად, ბოლომდე გშიფრავთ თქვენ [„ნაციონალურ მოძრაობას“] და თქვენს მხარდამჭერებს. ის ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენსავე ქვეყანაში, რათა რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის. დიახ, მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ვადასტურებ, რომ ამ მთავრობაში დღეს არ არიან ომის ადამიანები. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი, რომელიც უკვე 10 წელია, 1 დღე არ გასულა, რომ არ გვეფიქრა იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ რაც შეიძლება განგრძობად რეჟიმში სტაბილურობა, რომ როგორმე, მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს, მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ის მომავალი თაობების მთავრობებს. ამას ადასტურებს დღეს ბატონი არესტოვიჩი, რომ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული. სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ - ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
0
0