28/09/2023
15:39
ეკონომიკა
BMG-სთან ინტერვიუში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა ბანკისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი არ იყო და რომ ზოგიერთს ეს პოსტი უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა. პაპაშვილი, რომელიც ამჟამად ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებას ელოდება, მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს კონკრეტული წევრები ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარებას აფერხებდნენ.
“ვიცე-პრეზიდენტების წასვლა არ არის პრობლემა. ვერ წამოგყვებით მაგ თემაში [რომ ეს რეპუტაციული ზიანია] შეიძლება ზოგი ვიცე-პრეზიდენტი უფრო ადრეც უნდა წასულიყო. ხელს უშლიდა განვითარებას ამ ქვეყნის, როგორც ადრეც ვამბობდი.
ზოგადად სკამების დატოვება უჭირთ და როდესაც რაღაცას ვერ აკეთებთ უნდა გაიწიო და დაუთმო სხვას, შეიძლება შენზე კარგები მოდიან.
ინსტიტუტისთვის ეს პრობლემა არაა, როცა ვერ ქაჩავ უნდა წახვიდე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა, მერე რა მოხდა? - ინსტიტუცია წაიღო?
მე წავიკითხე რომ ეს მიზეზი იყო, თორემ მესტვირიშვილს ისედაც 2 თვე ჰქონდა დარჩენილი და სად მიდიოდა? ვიღაცას უნდოდა რომ ეთამაშა გადავდექი და შევეწირე და ეს არის ცუდი თამაში, რაც მე არ მიყვარს. პოპულიზმი მაგათ დაიტოვონ თავის სახლებში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გონივრულობა,”- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
კითხვაზე - უნდა გამოეცა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ბრძანების გამოცემის საჭიროება არ იდგა.
“არ ვიცი როგორ დამთავრდა ეს საკითხი. ეროვნული ბანკის ბრძანება რაც იყო შეიცვალა რამე თუ არა.
მე არ ვიცი როგორ განვითარდა ეს მოვლენები, მიტინგებიც იყო ამაზე. ამ ბრძანებას როგორც თქვენ აღიქვამთ ისე არ აღიქვამენ ბანკები. სანქციაში მოხვედრაზე ამას ხელს არ უშლის. მე ასე მითხრეს ყოველ შემთხვევაში.
მათთან ჩემი კითხვა იყო გეშლება თუ არა ხელი ამ ბრძანებით და თქვეს რომ არა.
მე ვფიქრობ, მაინც გაუყინავენ, ასე თქვეს ბანკებმა. არ ვიცი რომელი ზემდგომია. მაგრამ როგორც თქვეს არ აქვთ პრობლემა….
[თავად ბრძანების საჭიროებას ხედავდით?] არა, მე ვერ ვხედავდი, ვერ გეტყვით რატომ მიიღეს.
გადავსებული არის თურქული ბანკები, თურქული კურორტები რუსებით. რატომ არავინ არაფერს არ იძახის? შენ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს როდესაც შენ ქვეყანას შეუძლია შენი მოქალაქის ნებისმიერი საშუალებით და ხერხით დაიცვას,”- ამბობს ლაშა პაპაშვილი.
27 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განხილულ საკითხებს შორის იყო გარკვეული რეგულაციების შემსუბუქების ინიციატივაც, რასთან დაკავშირებითაც ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ “ფურცელომანიის” შემცირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იქნება.
0
0