
ის ვიცი ნამდვილად, რომ დაუმრგვალდებათ დამარცხებების რაოდენობა - საიუბილეო მეათე არჩევნებში „სახელოვნად“, მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, დამარცხდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ისინი მოქმედებენ გარე პატრონების დავალებებით.
„მათ შორის [მოქმედებენ] ე.წ. ელჩების დავალებებით, რადგან არაფერი სცხიათ ამ ელჩებს დიპლომატიის. მაგალითად გერმანიის ელჩი, ვხედავთ, რომ ერთი ჩვეულებრივი აქტივისტია ნაციონალური მოძრაობის. საქართველოს მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, შესაძლებელია, რომ სიაშიც კი ჩაწეროს „ლელომ“, ან გახარიამ. სასამართლოებს ესწრება, პირდაპირ ერევა, აღარ აინტერესებს დიპლომატიური ეთიკაც. რაც ახლა მე ვისაუბრე ფაქტებია. მაგალითად: ესწრებიან თუ არა ელჩები სასამართლო სხდომებს, რომელიც ქართულად იწარმოება?! თარჯიმანი არ ჰყავთ და რა არის მათი ფუნქცია სასამართლოზე ყოფნის, თუ არა მოსამართლეზე ზეწოლა?! მაგალითად ასევე ის, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან დაქირავებული აქვს კერძო საკუთრება და იქ ცხოვრობს. ეს მოვიგონეთ?! ვენეციის კომისიის დარღვევა არ არის ის, რომ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში არ უნდა შეხვიდე?! ესეც მოგონილი ფაქტია?!“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამასთან, ოპოზიციაზე საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა განმარტა, რომ ეს პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ და სინამდვილეში არც გაყოფილან.
„ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის ორ პარტიას - ნაცებს და ახალ ნაცებს, ხოლო მეორე მხრივ, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები გაიყვნენ. რეალურად ეს გაყოფა საერთოდ არც მომხდარა. ერთის დავალება არის, რომ მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინონ, ხოლო მეორის დავალება არის, რომ უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური აქტივობების ისტორია, ლელოელებმა და გახარიელებმა და ისინი გარიცხულები უნდა იყვნენ ნაციონალური მოძრაობისგან, სისხლიანი რეჟიმისაგან“, - განაცხადა გორდულაძემ.
0
0